четверг, 13 марта 2014 г.

დღე 2



       დღის ბოლოს გაზრდილი მოტივაციით ვარ და მიჩნდება განცდა - სკოლაში მისული რაღაც ტრიუმფს მოვახდენ სწავლებაში; ასევე ვჩქარობ მასწავლებლებთან შეხვედრას რათა ეს მუხტი, რაც მე ახლა გამაჩნია, მათთან მთელი სიმძაფრით მივიტანო; იმ სიმძაფრით, რომ მათაც მოუთმენლად მოუნდეთ სწავლების პროცესებში მოსწავლეთა ჩართვა, მათი შინაგან მოტივაციაზე ზრუნვა, მათ დამოუკიდებელ მსწავლებლებად ჩამოყალიბება;
    ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია შეფასების 5 მიზანი, მისი სტრატეგიები და სხვადასხვა მეთოდები; მარტივად აღსაქმელად და მასწავლებლებისთვის მოსახერხებლად არის ესენი განლაგებული ვიუვერში; მათ შეუძლიათ თითოეული მიზნისთვის ნახონ რა მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი და რომელი გრაფიკული ორგანეიზერია ყველაზე აქტუალური ამ თემისთვის;
შეფასების ხუთი სტრატეგია მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება, ვიდრე ნიშნის დაწერა, თუმცა დღეს მასწავლებლები სხვაგვარად ფიქრობენ;

  • ·         გამოავლინო მოსწავლეთა საჭიროებები,
  • ·         ადაპტირება გაუკეთო მიზნებს, რათა მიღწევადი გახდნენ,
  • ·         მოაგროვო ინფორმაცია სწავლებაზე,
  • ·         მოუსმინო მათ დისკუსიებს,
  • ·         დააკვირდე მათ ჩართულობას,
  • ·         ჩართო ინფორმაციის მოგროვებაში და განხილვაში,
  • ·        დაეხმარო გახდნენ ისინი თავდაჯერებულები და დამოუკიდებელი შემსწავლებლები -

ეს გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ ნიშნის დაწერა, თუნდაც სუბიექტურის...
     მაგრამ მინდა რომ ყველა ერთად დავფიქრდეთ - რას ვაკეთებთ და რატომ ვართ მასწავლებლები, რა არის ჩვენი ძირითადი მისია?!
    ვფიქრობ ჩვენი ძირითადი მისია და უდიდესი ვალდებულებაა  მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელ მსწავლებლებად - მათ უნდა შეძლონ ჩვენს გარეშე სწავლა, როცა ამ ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად დასჭირდებათ.
     ყველა მასწავლებელი ორიენტირებული უნდა ვიყოთ მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ გამუდმებით სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები ზრდისთვის; მათ უნდა იცოდნენ სწავლების რა ეტაპზე არიან, რა უნდა გააკეთონ მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის; რა გამოსდით კარგად და რაში სჭირდებათ დახმარება და განვითარება...
   მე ვგრძნობ რომ მოსწავლის გვერდით უნდა ვიდგე ამ პროცესებში და არა მას დავყურებდე ზემოდან და განყენებულად...

среда, 12 марта 2014 г.

მასტერ კლასი ნინა დემენტიევსკაიასგან

ტრენერის თვითშეფასებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა: რას ვაკეთებ ტრენინგზე, რაც შეიძლება ჩემს ძლიერ მხარედ ჩავთვალო, რა მნიშვნელოვან საკითხებზე მჭირდება სიღრმისეულად დაფიქრება და წვდომა.. ყველაზე სუსტ მხარედ გამოიკვეთა მოსწავლეთა შეფასებების 5 სტრატეგიის გაცნობა; რასაც ისე სიღრმისეულად ვერ ვაცნობ მასწავლებელბს; ნაწილობრივ ამას ჩვენი შეფასების სისტემასაც ვაბრალებ, რადგან აქამდე მასწავლებლები სასწავლო პროცესის ბოლოს ახდენდნენ შეფასებას; ყველაზე მნიშვნელოვნად კი ეტაპობრივი შეფასებებია საჭირო, როგორც საჭიროებების, ისე პროცესის მიმდინარეობისას და აგრეთვე მათი მაღალი სააზროვნო  უნარების შეფასებისთვის;
ინდივიდუალურად დასახულ მიზნებში მნიშვნელოვნად ჩავთვალე უფრო მეტი ინსტრუმენტის და რესურსის ცოდნა, დაწყებით კლასებში მაღალი სააზროვნო უნარების განვავითარებისთვის, რაც ძირითადად ვითარდება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას; ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ დღესვე მივიღე რეალური ჩამონათვალი კვლევითი მაგალითების პროექტებისთვის.
აქტივობამ „2014 წლის კურსდამთავრებულები“, კვლავ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო მოთხოვნები უმაღლესი განათლებისთვის და უმნიშვნელოვანესი უნარები 21-ე საუკუნის ადამიანისთვის - არაა ერთმანეთთან თანხვედრაში; ყველა მასწავლებელი ნაწილობრივ დგება დილემის წინაშე - წარჩინებული სკოლის მოსწავლე, ეროვნულ გამოცდებზე ორიენტირებული თუ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდა, პრობლემების გადაჭრის ალტერნატივებით, კრეატივიზმით სავსე, ცხოვრების ალგორითმიდან და სტანდარტებიდან გადახვევით?!
მე დიდიხანია არჩევანი გაკეთებული მაქვს და მინდა შევძლო რომ ყველა მასწავლებელს შევახედო ამ აუცილებლობაზე; რას ვაძლევთ ჩვენს მოსწავლეს, რომელიც ხვალ მარტო აღმოჩნდება ცხოვრებისეულ პრობლემებთან, მარტოს მოუწევს სხვადასხვა მოქალაქეობრივი თუ პირადი გადაწყვეტილებების მიღება; პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზების დასახვა, როგორც ექიმებს, ინჟინრებს, ეკონომისტებს, იურისტებს და პოლიტიკოსებს... 
დღეს მასწავლებლები ისევ (ნაწილობრივ) ორიენტირებულები არიან, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გადასცენ და მეტი ინფორმაცია მოაძიებინონ, დააზეპირებინონ, დაამახსოვრებინონ... მოსწავლეთა განვითარება რჩება ცოდნა-გაგების დონეზე და მაღალი სააზროვნო უნარები უგულებელყოფილია...
გამორჩეულად მომეწონა განმასხვავებლები სასწავლო პროექტების და სამეცნიერო პროექტების; თუ რა მარტივადაა შესაძლებელი მოსწავლეს ასწავლო კვლევა რეალურ ცხოვრებასთან კავშირში და როგორ შეარჩიო მისთვის ავთენტური თემა;
გამოვყოფდი აგრეთვე, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯგუფებს შორის განსხვავებული დავალებების გადანაწილება; აქამდე  ვფიქრობდი რომ შესაძლოა მათ სხვადასხვა საქმე აკეთონ; თუმცა ახლა ზუსტად განვსაზღვრე რას ნიშნავს ერთიდაიგივე პროექტზე ერთიდაიგივე საქმე აკეთონ, თუმცა თემები იყოს განსხვავებული;
ეჭვით აღნიშნულ მეთოდებს მართლა არ ვუყურებ, მე უბრალოდ მაშინებს დემოტივირებული მასწავლებელი და მათი შესაძლებლობები საკლასო ოთახში;

ჩვენ 3 კაციან ჯგუფს ძალიან საინტერესო დავალება შეგვხვდა - პრეზენტაციის მომზადება სადაც კვლევის მეთოდიც გვექნება გამოყენებული; საინტეროსოა თვითონ თემა - რომელიც ჩვენ ავირჩიეთ „სიყვარულის ახსნა სხვადასხვა ეპოქაში“ (იმედია სწორად მახსოვს);