пятница, 29 марта 2013 г.

დღე პირველი; ზოგადი რეფლექსია - სწავლებაზე;

           ხშირად მიფიქრია, რაც ვისწავლე- როგორ ვსწავლე - მაგალითად მათემატიკა, გეომეტრია და ხაზვა; ესენი ჩემი საყვარელი საგნები იყო სკოლაში. მერე მახსენდება ის არაფორმალური განათლება, რომლესაც მოსწავავლე ახალგაზრდობის სახლში ვიღებდი "ნორჩ ტექნიკოსთა წრეზე"; ჩვენ იქ "საყვარელი" ბავშვები ვიყავით, ბოლო-ბოლო უნდოდათ რომ წრე შემდგარიყო და თავზე გვევლებოდნენ; ყოველ მისვლაზე სიახლეს გვთავაზობდნენ - კონსტრუქტორით ათას სისულელეს ვაწყობდით, სახლის მაკეტებს, ტრაქტორებს, მოდერნიზებულ ჩანჩქერებს, განათებებს ვაკეთებდით... გამახსენდა ფიზიკაც აქ შემომესწავლა და წრედის შეკვრა; ეს ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, ამისთვის ვხაზავდით, ვითვლიდით, ვანგარიშობდით... 
         მე ბედნიერი ვიყავი ყოველ ოთხშაბათს დ მერე უკვე სკოლაშიც, როცა აღმოვაჩენდი რომ გაკვეთილზეც შემეძლო თავი გამომეჩინა და ის რაც ასე იოლად მქონდა გაგებულ-გააზრებული და უკვე ჩემი იყო, მასწავლებლისთვისაც დამემტკიცებინა. (ნიშანი ხომ უნდა მიმეღო :)
         
         დღევანდელ სწავლებაში, რაზეც გული მწყდება ისაა რომ ხშირად ჩივიან მასწავლებლები - როგორ არ უსმენენ ბავშვები, რომ არ აცდიან "ჩაატაროს გაკვეთილი", არადა, ის ისე საინტერესო რამეს უყვება და ეუბნება..... მერე ამას ცალი წარბის აწევით (უკეთეს შემთხვევაში) მოახსენებს დერეფანში აწურულ მშობელს, მშობელი თავის მხრივ იქვე, საჯაროდ შეაბანჯღალებს შვილს... ხშირად არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი პრობლემაა, რომ ჩვენ - მასწავლებლებმა უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვებს მოუნდეთ "რაღაცის" კეთება, რომ გაკვეთილზე განვითარებულმა პროცესებმა მიანიჭონ მათ სიამოვნება; 

                 და მთავარი, რატომაც ვწერ ამ ყველაფერს აქ ამ ბლოგზე - ჩვენ ხომ ბავშვები მომავლისთვის უნდა მოვამზადოთ, იმ მომავლისთვის, რომლის პროგნოზირებაც დღეს შეუძლებელია...

                 პროექტული და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ყველაზე საინტერესოა ბავშვებისთვის, ყველაზე მეტად ერთვებიან ამ პროცესებში ბავშვები და ყველაზე მეტი უნარ-ჩვევების შეძენაა შესაძლებელი. 
               მასწავლებლებო, დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტები, სწორად შევარჩიოთ სასწავლო მიზნები, მოვიფიქროთ მრავალფეროვანი აქტივობები. მერე რაც აუცილებელია - გზადაგზა უნდა მოვახდინოთ შუალედური შეფასებები, მივცეთ ბავშვებს რჩევები (განმავითარებელი კომენტარები რომ ჰქვია) და მალე აღმოვაჩენთ, რომ  ჩვენი მოსწავლეები ხალისით მოდიან სკოლაში, რომ მათ უხარიათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მეგობრებთან, მასწავლებელთან, სხვა უფროსებთან... შემდეგ, ძალიან მალე ვხედავთ და ვხვდებით რამდენი რამის გაკეთება შესძლებიათ, როგორი შემოქმედებითები ყოფილან და გაკვეთილი სულაც აღარაა ის მოსაწყენი რუტინა, რომელზეც ბავშვის ძალით გაკავება გვჭირდება; 
             მალე ვიგრძნობთ როგორ გვიყვარს ისინი, როგორ გვენატრება მათთან ყოველი დღე, როგორ ველოდებით მათგანაც სიახლეებს და ისინიც როგორი ბედნიერები არიან  საკუთარი შესაძლებლობების და შემოქმედების რეალიზებისას..   თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს პირველად! ჯერ უნდა გვიყვარდეს :)


              

0 коммент.:

Отправить комментарий